ახიადოვის უსაფრთხოების გარანტიები: იუსტიციის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დეტალურად ისაუბრა თუ რატომ განახორციელა რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი  — Sputnik.  რუსეთში ექსტრადირებული რამზან ახიადოვი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე ბრძოლისა და ადამიანების გადაბირებისთვის ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს Facebook–გვერდზე.

ახიადოვი ქართულმა მხარემ რუსეთს ხუთშაბათს, დილით გადასცა.

 „ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებისას ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ტერორიზმის დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო პრიორიტეტი, ინტერპოლის წინაშე არსებული ვალდებულებები, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სტანდარტი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველომ ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცა

სამინისტროს ინფორმაციით, ახიადოვი 2013 წელს სირიაში გაემგზავრა, გაწევრიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და 2015 წლის მარტამდე  მის საქმიანობაში მონაწილეობდა

 „ის იბრძოდა სირიის სახელმწიფოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. რ. ახიადოვი, შეიარაღებული ფორმირების სხვა პირებთან ერთად, აწარმოებდა ,,ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებზე განთავსებული პოსტების შეიარაღებულ დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ახიადოვი თურქეთში იმყოფებოდა და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის მითითებების შესაბამისად მოქმედებდა.

ახიადოვმა დაიყოლია ვინმე  ა.ი., რათა მას  ვედენსკის რაიონის ტერიტორიაზე შეექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელიც მოგვიანებით სტრუქტურული ერთეულის სახით შევიდოდა ,,ისლამური სახელმწიფოს“  შემადგენლობაში. ამასთან,  ახიადოვი დაპირდა ა.ი.-ს დაფინანსებითა და თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფას, რა გზითაც ხელი შეუწყო ,,ისლამური სახელმწიფოს“ რიგების შევსებასა და მის უკანონო საქმიანობას.

რამზან ახიადოვი რუსეთის მოთხოვნით  2018 წლის 26 სექტემბრიდან ინტერპოლით  იძებნებოდა, ვინაიდან მას რუსეთში ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობა და ამ ორგანიზაციაში წევრობისთვის პირების გადაბირება. 

ტერორისტული საფრთხე: რამდენი მომხრე ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში

 „საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ექსტრადიციის პროცესი თავდაპირველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე უზენაეს სასამართლოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 26 აგვისტოს მიიღო, 12 სექტემბერს კი იგი უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა.

 „რამზან ახიადოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა, მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და ექსტრადიციის შეჩერება არ მოუთხოვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

30 ივლისს ქართულმა მხარემ  რუსეთის  გენერალური პროკურატურისგან მიიღო გარანტია, რომ  ახიადოვის ექსტრადიციის შემთხვევაში,საპატიმროში  მიღებული იქნება  მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყველა საჭირო ზომა.  

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ასევე პირობა დადო, რომ ახიადოვი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას; გარდა ამისა, მას  მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლით უზრუნველყოფილი ყველა უფლებით და განთავსებული იქნება ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ახიადოვმა საქართველოში  თავშესაფარი ითხოვა, რაზეც  უარი მიიღო და რუსეთში იქნა ექსტრადირებული.