თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე საქართველოს ნაკრების წევრი ვანო კარკაძე გახდება.
მსოფლიო პირველობის დაწყებისას კარკაძე, რომელიც ფრანგულ „ბრივში" გამოდის, 19 წლისა და სამი თვის იქნება. ახალგაზრდა მორაგბემ ეროვნულ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ახალგაზრდა კვაჭი მსოფლიო თასზე წაიყვანა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კარკაძე ყველა ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.
ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეების ათეულში იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ სამი ქართველია. ესენი არიან თედო აბჟანდაძე (20 წლისა და სამი თვის), ვანო საღინაძე (20 წლისა და 10 თვის) და გურამ გოგიჩაშვილი (21 წლის).
გვერდს ვერ ავუვლით ასევე ყველაზე უფროს მოთამაშეებსაც. ასეთი იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკ ტომპსონი იქნება – 38 წლისა და ხუთი თვის, რომელიც იაპონიის სახელით იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს გაიხსნება და 2 ნოემბერს დასრულდება.
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეხუთედ მონაწილეობს მსოფლიო პირველობაზე. ქართველი მორაგბეები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის გუნდებთან ერთად ითამაშებენ.
პირველ მატჩს ქართველი მორაგბეები უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავენ.