იაპონიაში ქალაქის მერმა საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის იმღერა – ვიდეო

ქართველმა სპორტსმენებმა, თავის მხრივ, იაპონელ პოლიტიკოსს სვანური ქუდი უსახსოვრეს.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ნაგოიას მერმა ტაკაში კავამურამ საქართველოს რაგბის ნაკრებს უმღერა ელვის პრესლის ცნობილი სიმღერა – Can't help falling in love, რომელშიც სიტყვები შეცვალა.

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ქართველია >>

„ბრძენი ადამიანები ამბობენ, რომ მხოლოდ სულელები ჩქარობენ, მაგრამ მე თავს ვერ ვიკავებ და უფრო და უფრო მეტად მიყვარდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრები“, – წაიმღერა ტრიბუნიდან იაპონელმა ჩინოსანმა.

ეს მხიარული ეპიზოდი მოხდა ნაგოიაში გამართულ ცერემონიაზე, სადაც საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს – მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს გადასცეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ქუდები. ჩემპიონატი 20 სექტემბერს იწყება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც არ დაიხია უკან და ნაგოიას მერს სვანური ქუდი აჩუქა.

ეს ცერემონია ტრადიციულია და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მსოფლიოს თითოეულ ჩემპიონატზე იმართება.

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. იაპონიაში ჩვენი გუნდი იასპარეზებს D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად. პირველ მატჩს „ბორჯღალოსნები" 23 სექტემბერს ქალაქ ტოიოტაში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.