„ფორსაჟის" გადაღებებები გრძელდება: გამოცხადდა შეზღუდვების ახალი გრაფიკი

ბლოკბასტერ „ფორსაჟის" გადაღებებთან დაკავშირებით თბილისში კიდევ ერთხელ იცვლება სატრანსპორტო სქემა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ჰოლივუდური ბლოკბასტერი „ფორსაჟის" გადაღება 21 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობსა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში გაგრძელდება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო. კინომწარმოებელი კომპანია Universal-ი ხუთწუთიან ეპიზოდებს იღებს ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 24:00 საათიდან 22 სექტემბრის 24:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

„აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით", – აღნიშნულია განცხადებაში.

დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. კერძოდ, N88-ის ბოლო გაჩერებად მეოთხე მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება, N99 ავტობუსი კი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მეოთხე მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

„ფორსაჟი" ინაცვლებს: თბილისი-მანგლისის გზა იკეტება

მერიის ცნობით, გადაღებების პერიოდში დროებით დაინიშნება დამატებითი ავტობუსი, რომელიც პლატოს მე-5 მიკრორაიონიდან მეტროს სადგურ „დელისამდე" იმოძრავებს. ავტობუსი ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. რაც შეეხება N63 და N107 ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, მათი მარშრუტები უცვლელი დარჩება.

გარდა ამისა, 21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე საათით შეიცვლება N31, N44, N80 და N102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.