რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი".

13 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა – რა მოხდა ბოლნისში

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გოგონას ოპერაციისთვის მოსამზადებელი შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, საავადმყოფოში მისვლის დროს პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გართულებები არ ჰქონია.

„ექიმმა სინჯი აუღო, რასაც 40 წუთი ველოდეთ. მერე შეიყვანეს საოპერაციოში და დაახლოებით 10 წუთში ყველა ექიმი ერთად შევარდა. ჩვენ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გვაცნობეს, რომ ცუდად იყო. რაც მოხდა, ეს არის შედეგი", – განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.