საქართველოში საბავშვო ბაღების პედაგოგებს შესაძლოა ხელფასები გაუზარდონ

საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულებების ახალი მოდელი რამდენიმე საბავშვო ბაღში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს პოლიტიკაზე, რომელიც საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასების გადახედვას ეხება, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ უწყების წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე.

საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება >>

პოლიტიკა შემუშავდება პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება.

უკვე შემუშავებულია სერტიფიცირებული მოდელი აღმზრდელი პედაგოგებისთვის და 2020 წლის გაზაფხულისთვის განათლების სამინისტრო წარადგენს პოლიტიკის გეგმას, რომელიც საბავშვო ბაღების მასწავლებელთა ხელფასებს შეეხება. აბულაძის სიტყვებით, მოწესრიგდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა პედაგოგების ხელფასები.

„ევროპულ სისტემას თუ დააკვირდებით, განსხვავება საბავშვო ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებს შორის არ არის, ვინაიდან ეს ძალიან კომპლექსური და შრომატევადი საქმეა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში საბავშვო ბაღების პედაგოგთა ხელფასი ერთ–ერთი ყველაზე მიზერულია და 250–350 ლარს შორის მერყეობს.

რატომ დარჩა ბათუმში 1600 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე

აბულაძის თქმით, დღეისათვის სკოლამდელი განათლების სისტემაში ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების 76%–ზე მეტია ჩართული. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მაღალმთიან რაიონებში ეს ციფრი 40%–ს არ აღემატება, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში კი – 35%–ს.

„სკოლამდელი განათლება – ფუნდამენტია და ის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, უნივერსალური და ხარისხიანი ყველა ბავშვისთვის“, – განაცხადა აბულაძემ.

განათლების სამინისტრო გეგმავს საბავშვო ბაღებისთვის საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომელიც ითვალისწინებს სწავლებას თამაშის დახმარებით და რომელიც მიმართული იქნება სოციალური უნარების განვითარებისკენ. ახალმა მეთოდმა ბავშვებს უნდა განუვითაროს ემპათიის, სოლიდარობის, დისციპლინის, პატივისცემისა და სხვა გრძნობები.

ვინ მოამარაგებს საბავშვო ბაღებს პროდუქტებით: მერიამ ტენდერი გამოაცხადა >>

გარდა ამისა, განათლების სამინისტრო ასრულებს მუშაობას საგანგებო ინსტრუმენტის შემუშავებაზე, რომელიც განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოვლენისკენ იქნება მიმართული.

„მოცემულ ეტაპზე ამ მიმართულებით სკოლამდელ განათლებაში პრაქტიკულად არაფერი კეთდება. ასე რომ, ჩვენი ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ამ მიმართულებით მუშაობას სკოლამდელი განათლების სექტორში 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყებენ“, – აღნიშნა აბულაძემ.

ახალი სკოლის მოდელი, რომელიც განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, 50 სკოლაში ინერგება. 2025 წლამდე ის ქვეყნის ყველა საჯარო სკოლას მოიცავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე წამოიჭრა, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი – საბაზო განათლების მე–9–დან მე–10 კლასამდე გაზრდა იყო.

ხელისუფლებამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა

„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, ერთი წლით მეტით დააფინანსოს და უზრუნველყოს განათლებით მოსწავლეები, რადგან დღეს სავალდებულო საბაზო განათლებად მიჩნეულია ცხრა კლასი, თუმცა, ვიმეორებ, თუ ხარისხი არ გაიზრდება, 12–წლიან განათლებასაც არ ექნება აზრი“, – განაცხადა აბულაძემ.

აბულაძემ მოიშველია ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიში „ადამიანური კაპიტალის ინდექსი“, რომლის თანახმადაც 12–წლიანი განათლება საქართველოს სკოლის ხარისხს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსწავლეები მე–9 კლასსაც კი ვერ აღწევენ.

„სინამდვილეში, ჩვენი მოსწავლეები 9 წელსაც კი არ სწავლობენ, არათუ 12 წელს“, – ხაზი გაუსვა აბულაძემ.

ბახტაძე: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროკავშირის წევრია >>

საქართველოში მიმდინარეობს განათლების მასშტაბური რეფორმა, რომლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.