კოჭლი, რომელიც მარდია...

კრედიტორები საქართველოს ენდობიან, ინვესტორები კი კაპიტალდაბანდებისგან თავს იკავებენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება! რატომ? ქართული ეკონომიკა თავისუფლების "ფრთებს შლის"...
Sputnik

სამსონ ხონელი

დაახლოებით ერთი თვის წინ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩ რეიტინგსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. ავტორიტეტულმა უცხოურმა შემფასებელმა კომპანიამ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, პერსპექტივა კი „სტაბილურ“ მაჩვენებელზე დატოვა. მკითხველს შევახსენებ, რომ საკრედიტო რეიტინგი კომპანიის, რეგიონის ან სახელმწიფოს კრედიტუნარიანობას, ანუ ვალის დაბრუნების უნარს აფასებს. ამ საკრედიტო რეიტინგების განსაზღვრის ძირითადი მიზანია პოტენციური კრედიტორების ინფორმირება, თუ როგორ და სავარაუდოდ დროის რა პერიოდში მოახერხებს სუბიექტი ფინანსური ვალდებულების მომსახურებას. მახსოვს, მაშინ ვწერდი, რომ „ფიტჩ რეიტინგსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილი იქნებოდა. დავასკვენი, რომ ჩვენი ქვეყანა კარგი მოვალეა და პოტენციური კრედიტორები საქართველოსთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გაბედულად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!..

სირცხვილია! ანუ ვინ და რატომ ძარცვავს პენსიონერებს

გასულ კვირას სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთ თვეში კიდევ რამდენიმე მილიონი დოლარით გაიზარდა. ვიცი სტატისტიკა სიზუსტეს მოითხოვს და ციფრებს მოვიშველიებ. საგარეო ვალმა აგვისტოს ბოლოს, წინა თვესთან შედარებით, 26 მილიონი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 219 მილიონი დოლარით მოიმატა. აქვე გეტყვით, რომ 2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 387 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ერთი სიტყვით, კრედიტორები სულ უფრო თამამად მოქმედებენ, მაგრამ არის სხვა მოცემულობაც...

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა კიდევ შემცირდა! ნათქვამის დასტურად კვლავაც „საქსტატის“ მონაცემებს შემოგთავაზებთ. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53.7 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ შეფასებით, შემცირების გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება, სასესხო დავალიანების დაფარვა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. „საქსტატის“ ინფორმაციით, ამ საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდი – 31.1 პროცენტით, მეორე პოზიცია თურქეთს უკავია – 19.2 პროცენტით, სამეულშია ამერიკის შეერთებული შტატები – 14.7 პროცენტით. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, მან 63.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 38.4 მილიონი ამერიკული დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი 28.1 მილიონი ამერიკული დოლარით. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კი გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ ნიდერლანდი იმ ქვეყნებს შორისაც ლიდერია, საიდანაც 2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა. ჩამონათვალში არიან ასევე აზერბაიჯანი – პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 80-პროცენტიანი კლებით და ჩეხეთი, საიდანაც ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარით არის შემცირებული...

პოლიტიკური „შური-მური“ და ეკონომიკის პერსპექტივა...

უცხოური ინვესტიციების შემცირება ხომ არახალია? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი

და მართალიც იქნება. ანალიტიკოსები ამ საკითხზე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. მათი შეფასებით, უცხოური ინვესტიციების შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

ანალიტიკოსი გიორგი პაპავა: „უცხოური ინვესტიციების შემცირება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ლოგიკური შედეგია. პოლიტიკური არასტაბილურობისა და გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში შეუძლებელია ინვესტორს კაპიტალის საქართველოში დაბანდების სურვილი გაუჩნდეს... მონაცემები გვიჩვენებს, რომ წინა წლის მეოთხე კვარტლიდან დაწყებული უცხოური ინვესტიციები იკლებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ეს არის მასშტაბური პრობლემა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ და არ არის სწორი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ან ნებისმიერი სხვა ერთი თუ ორი კონკრეტული პროექტის დასრულებით აპელირება...“

სპეციალისტთა ერთი ნაწილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

ბევრი ლარი და ცოტა დოლარი... ანუ მთავარი ბანკირის ჰობი თუ თვითმიზანი?

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე: „ინვესტორს, პირველ რიგში, სამართლიანი გარემო სჭირდება. მაკროეკონომიკურად რაღაც საშინელება ნამდვილად არ ხდება... ჩვენში გადასახადები არ გაზრდილა, არც კაბალური რეგულაციები არ შემოგვიღია. ინფლაცია კი მაღალია, მაგრამ ისეთი არაფერი ხდება, რომ შეგეშინდეს. ვითარება უფრო სამართლებრივ-პოლიტიკური კუთხით არის გაუარესებული... შეიძლება ხელისუფლებამ შეგავიწროვოს და სამართალი ვერ იპოვო. ამ რისკის გათვალისწინებით რატომ უნდა მოინდომო აქ ფულის ჩადება?..“

ანალიტიკოსები მიანიშნებენ, რომ არის გარე ფაქტორებიც. მათი შეფასებით, მსოფლიოში ძალზე სწრაფად იცვლება გარემოებები, რაც პირდაპირ აისახება უცხოურ ინვესტიციებზე.

ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე: „ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკამ დოლარის გაძვირებას შეუწყო ხელი, რამაც უცხოეთიდან ამერიკაში კაპიტალის შედინება განაპირობა არა მხოლოდ ინვესტიციების სახით, არამედ ფასიანი ქაღალდების შესაძენად. შესაბამისად, საგრძნობლად შემცირდა თავისუფალი დოლარის მასა, რომელიც შეიძლებოდა წასულიყო სხვა ქვეყნებში... გარდა ამისა, სულ უფრო მეტმა ქვეყანამ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ სამეზობლოშიც, ისწავლეს ხელსაყრელი პირობების და სასურველი საინვესტიციო გარემოს შექმნა. ლოგიკურია, პოტენციურ ინვესტორებსაც უფრო ფართო არჩევანი აქვთ. ამიტომაც უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა უფრო მომხიბლავი გავხადოთ საქართველო და მისი საინვესტიციო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის...“  

ერთი სიტყვით, რეალობა ასეთია − კრედიტორები საქართველოს ენდობიან, ინვესტორები კი კაპიტალდაბანდებისგან თავს იკავებენ. დამეთანხმებით, რომ პარადოქსული ვითარებაა, თუმცა გასაკვირი არ უნდა იყოს – ჩვენ ხომ ყოველმხრივ განსხვავებულობა გვჩვევია. არადა, ეკონომიკის განვითარებას ერთიც სჭირდება და მეორეც. არც ის არის სიახლე, რომ კრედიტს ინვესტიცია სჯობს. შესაძლოა, მავანმა ბრძანოს, რომ კრედიტიც ინვესტიციაა. ლოგიკურია, არ ვიკამათებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გამგები გაიგებს.

გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

ამასობაში კიდევ ერთი ახალი ამბავი შევიტყვე – „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის, არც მეტი და არც ნაკლები, მეთორმეტე პოზიცია დაიკავა. რეიტინგი შემუშავებულია კანადური „ფრეიზერ ინსტიტუტის“ და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი სხვა ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგით განხორციელებული პოლიტიკური კურსი და ინსტიტუციების ხარისხი იზომება. ის ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. ესენია: მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა, მყარი ვალუტა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაცია. აქ ჩამოთვლილი ინდიკატორებიდან საქართველომ ერთის გარდა (მყარი ვალუტა) მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა, რაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითად აისახა. ასევე საგულისხმოა, რომ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის განსაზღვრისას ავტორების მიერ გამოყენებული მონაცემების ნაწილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევებსა და შეფასებებს ეფუძნება...

ერთი სიტყვით, ჩვენი ეკონომიკა მოიკოჭლებს, მაგრამ მარდია, თავისუფლების ხარისხით მსოფლიოს მრავალი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკას უკან მოიტოვებს...