თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღებებთან დაკავშირებით თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზის მონაკვეთი 17-18 სექტემბერს ჩაიკეტება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. კინომწარმოებელი კომპანია Universal-ი ხუთწუთიან ეპიზოდებს იღებს ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.
„17 და 18 სექტემბერს 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(პანტიანი)–მანგლისის საავტომობილო გზის 4-7 კმ მონაკვეთი დროებითი ჩაიკეტება. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება", – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.