„დიდი რისკი“ – მთავარი ინფექციონისტი მშობლებს აფრთხილებს

იმნაძემ მოუწოდა მშობლებს, შეამოწმონ, ყველა სავალდებულო აცრა აქვს თუ არა ჩატარებული ბავშვებს
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. სასწავლო წლის დასაწყისში სკოლების ადმინისტრაციები მშობლებისგან ბავშვის აცრების ისტორიის შესახებ ცნობას მოითხოვენ, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

სპეციალისტები მოსწავლეების მშობლებს ბავშვების წითელაზე აცრისკენ მოუწოდებენ>>

სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. სპეციალისტები მშობლებს ბავშვების წითელაზე დროული აცრისკენ და სკოლაში შესაბამისი ცნობის წარდგენისკენ მოუწოდებდნენ.

„სასწავლო წელის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასაკობრივად ჰქონდეს გაკეთებული ყველა აცრა. როცა ახალი ჯგუფი იკრიბება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ რაიმე ინფექცია რომელიმე ბავშვმა მოიტანოს და სწრაფად გავრცელდეს“, – განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციაზე პარასკევს.

აცრების ისტორიის შემოწმება შესაძლებელია პროგრამით „იმუნიზაციის აპლიკაცია“, რომლის გადმოწერაც ტელეფონში შეიძლება.

საქართველოში წითელა ბრუნდება? ბავშვები შეიძლება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აცრან

საქართველოში უკვე მეორე წელია, წითელას ეპიდემიაა გავრცელებული. მხოლოდ 2019 წლის დასაწყისიდან დაახლოებით ოთხი ათას ადამიანს დაუდგინდა წითელა. ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა მიიჩნევა. ამ შემთხვევებიდან ორი ლეტალური შედეგით დასრულდა, ორივე ბავშვი იყო. წითელაზე აცრილი არც ერთი არ ყოფილა.

ბოლო მონაცემებით, მასობრივი აცრების შემდეგ წითელათი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ინფექციამ კვლავ შეუტიოს ქვეყნის მცხოვრებლებს.

ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა საქართველოში სავალდებულო გახდა.