შეასრულებს თუ არა კალაძე დანაპირებს: ცნობილია როდის აღდგება მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. 16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. 

„16 სექტემბერს პირველ მონაკვეთზე ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის ქვედა საფარი იქნება მოწყობილი, რომ გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. ასევე დასრულდა მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია. მთლიანად შეიცვალა წლის და ბუნებრივი აირის მილები. მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი. ავტომობილებით მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირზე 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები სრული ტემპით მიმდინარეობს.

„ასევე, პარალელურ რეჟიმში მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. გარდა ამისა, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე მოძრაობა 15 სექტემბრიდან აღდგება

ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე.

მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

ავტობუსების ზოლები შუა ნაწილში და დამალული ურნები - როგორი იქნება ახალი ჭავჭავაძის გამზირი

ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის კუთხიდან ატენის ქუჩამდე, ტრანსპორტი კი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართდა.