ხეტყის უკანონო ჭრა: ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა

ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტების ათ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგვისტოს თვეში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 257 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხეტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა კახეთის ტერიტორიაზე. გამოვლენილ ფაქტებს შორის ათ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოს სატყეო სექტორის პროექტს 32 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე 31 სამართალდარღვევა გამოვლინდა, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 29 ფაქტი, იმერეთში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 17, შიდა ქართლში – ასევე 17, მცხეთა-მთიანეთში – 9, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 6-6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 2 ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯამში უკანონოდ მოპოვებული 970 კუბური მეტრი ხეტყე ამოიღეს.

საქართველოს სატყეო ფონდი 2,9 მილიონი ჰექტარის ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რაც ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.