თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე ირაკლი არეშიძემ პოლიციაში უჩივლა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, სკანდალურად ცნობილი ზაქარია ქუცნაშვილის მეუღლე თეა სანიკიძეს, რომელმაც, მისი თქმით, რეპლიკისთვის „გავრილოვის მონებო“ სახეში სილა გააწნა.
ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა>>
ქუცნაშვილი ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეისა, რომლის ფარგლებში საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. გავრილოვი 20 ივნისს პარლამენტში ღონისძიებაზე გამოვიდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასამბლეა ჩააგდეს და ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან ქვეყანაში შემოუშვა ადამიანი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგია.
ინციდენტი არეშიძის მონაწილეობით გონიოში მოხდა.
„გონიოში, სასტუმრო „გონიო ინში“, სადაც ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ისვენებდა, ვეძახდი აივნიდან, რომ თქვენ ხართ „გავრილოვის მონები“, რომ თქვენ გამო ხალხი ციხეში ზის ახლა და თვალები აქვთ დათხრილი და ასე შემდეგ... შემდეგ მომვარდა მისი ცოლი, დაცვის თანამშრომელი და თვითონ. ეს ქალი გამოექანა სიტყვებით „შენ ვის უთხარი მონა?!“ და მთხლიშა სახეში“, – განაცხადა არეშიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ამის შემდეგ არეშიძემ პოლიცია გამოიძახა და ჩვენება მისცა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოხვედრას ხელისუფლებამ პროტოკოლური შეცდომა უწოდა, მაგრამ ამან საპროტესტო მოძრაობა ვერ შეაჩერა. გვიან ღამით პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო გამოსველბსა და არეულობაში გადაიზარდა. პროტესტანტები პარლამენტში ცდილობდნენ შეჭრას. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.
მოგვიანებით ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების გაღიზიანების ფონზე მისთვის დეპუტატის მანდატი არაფერს ნიშნავს. მას სადეპუტატო მანდატი სექტემბრის დასაწყისში ჩამოერთვა.
საპროტესტო აქციები ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. მონაწილეების მოთხოვნით, გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გათავისუფლდა 20–21 ივნისის ღამეს თითქმის ყველა დაკავებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. საპროტესტო აქციაზე ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, რომელმაც ეს პოსტი 8 სექტემბერს დატოვა და პრემიერ–მინისტრი გახდა.