თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-21), რომელიც ფინეთის ქალაქ ვანტააში ტარდება, ოქროს მედლები მოიპოვეს.
თუთაშვილმა, რომელიც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ორთაბრძოლაში მოლდოვის წარმომადგენელი ადილ ოსმანოვი დაამარცხა.
რაც შეეხება ლიპარტელიანს, იგი 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან იტალიელ სილვია პელიტერის არც ერთი შანსი არ დაუტოვა.
19 წლის ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი-ძიუდოისტია, რომელიც 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. გასულ წელს ლიპარტელიანმა U-23-ზე ვერცხლი მოიპოვა.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს ძიუდოისტები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. მამაკაცებს შორის ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (ორთავე -81 კგ), ქალთა შორის კი მარიამ ჭანტურია (-70 კგ) გამოვლენ.