პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე მორიგ სიცრუეში დაადანაშაულა

მიმდინარე წლის მარტში ხაზარაძემ წარმოადგინა სკანდალური წერილის ასლი, რომელიც, მისი თქმით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც მოძრაობა „ლელო“ ჩამოაყალიბა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, როდესაც გიორგი გახარია მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ხაზარაძე: „თიბისი ბანკს“ ბოლო ათი წლის განმავლობაში არც ერთი ოჯახი არ ჰყავს გამოსახლებული

მიმდინარე წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა სკანდალური წერილის ასლი, რომელიც, მისი თქმით, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო. ბიზნესმენი მინისტრს მუქარაში ადანაშაულებდა.

როგორც პროკურატურა წერს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რომ „კიდევ ერთხელ განმარტოს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესახებ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ხაზარაძე საუბრობს“.

საუბარია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ პროკურატურამ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო.

„მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი “დოკუმენტი” დაუყონებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით“, — წერია უწყების განცხადებაში.

ამასთან ერთად პროკურატურა განმარტავს, რომ აღნიშნული ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება თავად ხაზარაძემ შეაფარხა განზრახ, ვინაიდან „არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე“. 

ხაზარაძე: ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა...

პროკურატურა წერს, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით.

განცხადებიდან ირკვევა, რომ პროკურატურისთვის „გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია“ მამუკა ხაზარაძის მოთხოვნები, რომ ის მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას, რაც სრულად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებს.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.