ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გრიგოლ გიორგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება პირველი არხი. 

საქართველოს პრემიერის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

გიორგაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ მისი მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ათასობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილის რანგში დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაზე მემუშავა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, ერთი მხრივ, მათი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის და, მეორე მხრივ, იმ თანაგრძნობისათვის, რასაც თითოეული ადამიანის მიმართ იჩენენ. ამ პერიოდში სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ათასობით ადამიანის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა“, – აღნიშნა გიორგაძე.

მისივე განცხადებით, მიღწეული შედეგი საკმარისი არ არის და კვლავ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს.

„მნიშვნელოვანია, რომ, შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ვახერხებდით თითოეული დევნილის პრობლემები პირადად მოგვესმინა და მათი გადაჭრის გზები ერთობლივად გამოგვენახა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და კვლავ არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს. მჯერა, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება. ვრჩები თქვენს ერთგულ გულშემატკივრად და თქვენი პოზიციების დამცველად, რათა დაბრუნებამდე თითოეულმა თქვენგანმა შეძლოს ღირსეული ცხოვრება“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გრიგოლ გიორგაძე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ 2018 წლიდან მუშაობდა.