„პირველ რიგში ჩვენ უნდა...“ – გახარიამ ახალ მთავრობას ინსტრუქციები მისცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 სექტემბერს დაამტკიცა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის პირველ სხდომაზე მინისტრთა ახალი კაბინეტის მუშაობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და, რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა. მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენ მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენ ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენ ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - განაცხადა გახარიამ სხდომაზე.

მისი სიტყვებით, მთავრობის ყოველკვირეული სხდომა ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.

„ვფიქრობ, რომ ასე უფრო მოხერხებული იქნება ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის“, – აღნიშნა მან.

გახარიამ მთავრობის შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვლილებები განახორციელა – შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ვახტანგ გომელაური ჩაუდგა, რომელიც მრავალი წელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, თავდაცვის უწყება კი საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი იყო. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევან იზორიას, იგი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი გახდა.

„პირველ რიგში ჩვენ უნდა...“ – გახარიამ ახალ მთავრობას ინსტრუქციები მისცა