დაუმორჩილებელი დეპუტატი მელია პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია, მიუხედავად სასამართლო აკრძალვისა, ტელეკომპანია „კავკასიაში" მივიდა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვის დარღვევის გამო საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მელია VS პროკურატურა: სააკაშვილის თანამებრძოლმა სასამართლოს აკრძალვა დაარღვია

20 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებული დეპუტატი ტელეკომპანია „კავკასიაში" ინტერვიუს მისაცემად მივიდა. პროკურატურის განცხადებით, მელიამ ეს დემონსტრაციულად გააკეთა.

„პირველი მომართვისთანავე ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა – გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი", – ნათქვამია განცხადებაში.

სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიბარეს მელია პროკურატურაში – მას განუმარტავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება მსგავს ქმედებებს.

„მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის გამეორების შემთხვევაში მის მიმართ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები: გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, და არა მხოლოდ...

მელიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ადვოკატმა პროკურატურა გააფრთხილა, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკურ ტოკ-შოუში მონაწილეობას აპირებდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. აკრძალვის დარღვევა მელიამ იმით ახსნა, რომ მსგავს გადაცემებში მონაწილეობა პარლამენტის დეპუტატის პირდაპირი ვალდებულებაა.

ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.