ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

კრიმინალური ავტორიტეტის გადამალული განძეული მუზეუმში იპოვეს

კრიმინალური ავტორიტეტის გადამალული ქონება სამხედრო-საზღვაო მუზეუმის ზედა სართულზე აღმოაჩინეს — ხის ყუთებსა და კოლოფებში ჩალაგებული.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში კრიმინალური ავტორიტეტის ვლადიმირ ბარსუკოვის განძეული იპოვეს, რომელიც მან სახლიდან 2007 წელს გაიტანა ჩხრეკის მოლოდინში, იუწყება რუსული მასმედია.

ვლადიმირ ბარსუკოვი, რომელიც ასევე კუმარინის მეტსახელითაა ცნობილი, ტამბოვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარსუკოვმა თავის დროზე ბინიდან არაერთი ძვირფასი ნივთი გაიტანა, მათ შორის ხატები, შანდლები, ზარდახშები და ნახატები.

კრიმინალური ავტორიტეტის გადამალული ქონება სამხედრო-საზღვაო მუზეუმის ზედა სართულზე აღმოაჩინეს — ხის ყუთებსა და კოლოფებში ჩალაგებული.

აღსანიშნავია, რომ განძეულის ადგილსამყოფელი არც ბარსუკოვის ოჯახისთვის იყო ცნობილი და არც მისი ადვოკატისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას ჰქონდა.

„ეს ნივთები შეიძლებოდა დიდი ხნის წინ ჩამოწერილიყო და გაყიდულიყო. მაგრამ მათ ისევ ვინახავთ. ეს ხომ მუზეუმია. რაც მოგვცეს, ვინახავთ“, — განუცხადა მასმედიას მუზეუმის დირექტორის მოადგილემ იგორ გლადკიხმა. 

მასმედიის ცნობით, ინფორმაცია განძეულის მფლობელის ვინაობის შესახებ არ მჟღავნდებოდა. ახლა, 12 წლის გასვლის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, განძეული შეიძლება ბარსუკოვის ახლობლებს დაუბრუნდეს. თუმცა, პროკურატურა ცდილობს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოსაზრებით, რომ დამნაშავეს ეს ნივთები, შესაძლოა, ყაჩაღობით ან ძალადობით ჰქონდეს მითვისებული.

აღსანიშნავია, რომ ბარსუკოვი ამ დროისათვის სასჯელს საპატიმროში იხდის. 2009 წელს მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რასაც 2019 წლის მარტში კიდევ 24 წლით პატიმრობა დაემატა.