თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებების რეიტინგში 162 ქვეყანას შორის მსოფლიოში მე-12 ადგილი დაიკავა, ნათქვამია კანადის კვლევითი ინსტიტუტის Fraser Institute ბოლო ანგარიშში.
საქართველომ ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 68-ე ადგილი დაიკავა >>
კვლევაში საუბარია ამა თუ იმ ქვეყნის სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორებისგან ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობაზე.
საქართველომ 10-დან 7,94 ქულა დაიმსახურა.
რეიტინგი ხუთი ძირითადი კრიტერიუმის საფუძველზეა შედგენილი: სახელმწიფო აპარატის და მისი ფუნქციების მოცულობა (საქართველოს – 7,58 ქულა, 24-ე ადგილი); სახელმწიფოს სამართლებრივი სტრუქტურა და საკუთრების უფლებების დაცვის მექანიზმი (6,34 ქულა, 36-ე ადგილი); ფულადი სისტემის სტაბილურობა (8,89 ქულა, 77-ე ადგილი); საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (8,74 ქულა, მე-3 ადგილი); რეგულირების დონე (8,15 ქულა, მე-19 ადგილი).
ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და აშშ, ბოლო ადგილები კი ერგოთ სუდანს, ლიბიასა და ვენესუელას.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთმა დაიკავა 27-ე ადგილი, რუსეთმა – 85-ე ადგილი, აზერბაიჯანმა – 116-ე პოზიცია დაიკავა.
რეიტინგი შედგენილია 2019 წელს, მაგრამ ქვეყნებზე 2017 წლის ინფორმაციის მიხედვით.