მთიანი აჭარა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის ფარგლებში პერფორმანსები, კონცერტები და პოეტური საღამოები გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც აჭარის მაღალმთიან შუახევსა და ხულოში 19-22 სექტემბერს ჩატარდება, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატორები ეწვევიან, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

გუდაურში ლიტერატურულ-მუსიკალური ფესტივალი გაიმართება>>

ფესტივალის სტუმრები იქნებიან გამომცემელი დომინიკო პოლიტო და მხატვარი ალესანდრო ალეგრო იტალიიდან, გამომცემელი და მწერალი აფაგ მესუდა, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი აზერბაიჯანიდან, ასევე კარიკატურისტი კემო საქართველოდან, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტების საერთაშორისო ფესტივალის სამგზის გამარჯვებულია.

ნობელის პრემიის ლაურეატმა მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

სამი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ თემატურ ლექციებს, პოეზიის საღამოებს, ლიტერატურულ-თეატრალურ პერფორმანსებს, ფოლკლორის კონცერტებსა და გამოფენებს.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში მხატვრები ცნობილი ქართველი პოეტების ლირიკის მოტივებზე სურათებს დახატავენ.

ფესტივალი აჭარაში უკვე მეშვიდედ ტარდება. ლიტერატურული ფორუმის იდეა რეჟისორ ვახტანგ ბერიძეს ეკუთვნის. ღონისძიების მიზანია საქართველოში ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა და აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზება.

ფესტივალი ტარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ხულოს მერიის მხარდაჭერით.