ემიგრანტული ისტორიები: როგორ იხსნა ქართველმა ახალგაზრდამ ესპანეთში პატარა გოგონას სიცოცხლე

უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ ყოველი ქართველი მართლაც თავისი ქვეყნის ელჩია უცხოეთში და თითოეული მათგანის საქციელი, შესაძლოა, მთელ ერზეც განაზოგადონ...
Sputnik

ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, სულ ახლახან მოხდა ესპანეთში და ნამდვილად ღირს საიმისოდ, რომ მკითხველს გავაცნოთ.

როგორც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად ინტერნეტიდან გავრცელდა. ეს არის ამბავი იმაზე, თუ რა გზა გაიარა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდამ ენრიკო ხუტაშვილმა იმისათვის, რომ სრულიად უცხო ბავშვისთვის ძალიან შორი მანძილიდან (1200+1200 კილომეტრი) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი ჩაეტანა. თანაც, საკმაოდ შორი და მისთვის უცნობი გზა ისე უნდა გაევლო, რომ ესპანურად მხოლოდ მისალმებას თუ შეძლებდა...

ეს ამბავი შევიტყვეთ ესპანეთში მცხოვრები დიანა ციხისთავისგან, რომელიც იმ ქვეყანაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის დამაარსებელია. ერთ დღეს მას დახმარებისთვის მიმართეს – თხოვეს, რომ მოეძებნა ადამიანი, ვინც პატარა გოგონას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს საქართველოდან ესპანეთში, კერძოდ, ანდალუსიის პატარა ქალაქ კორდობაში ჩაუტანდა. ამ პრეპარატს ბავშვს დღეში სამჯერ ასმევდნენ და გარკვეული მიზეზების გამო ადგილზე შეძენა შეუძლებელი იყო. წამლის დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ეპილეფსიური კრიზი დაწყებულიყო და ბავშვი კომიდან ვერ გამოეყვანათ...

ემიგრანტული ისტორიები: როგორ იხსნა ქართველმა ახალგაზრდამ ესპანეთში პატარა გოგონას სიცოცხლე

დიანა ციხისთავი: „გადავწყვიტეთ, ამის შესახებ პოსტი გამოგვექვეყნებინა და საქართველოდან პრეპარატის წამომღები გვეპოვა. ძალიან ბევრმა მოგვწერა, რომ წამოიღებდა წამალს, მაგრამ, სამწუხაროდ, ლოდინის დრო არ გვქონდა, რადგან ეს ადამიანები ბარსელონაში მოფრინავდნენ, წამალი კი ამის შემდეგ კიდევ 1200 კილომეტრზე იყო გასაგზავნი. ფოსტა გამოვრიცხეთ, რადგან ის მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ჩამოიტანდა პრეპარატს. დაგვრჩა ერთი ვარიანტი – მოგვეძებნა ადამიანი, რომელიც გოგონას წამალს საკმაოდ დიდი გზის გავლით ჩამოუტანდა. ამ ლოდინში გამოჩნდა ინგლისური ენის სპეციალისტი, ქართველი ახალგაზრდა კაცი ენრიკო ხუტაშვილი, რომელიც ამჟამად ესპანეთის პატარა ქალაქ კორდობაში ცხოვრობს. სულ რაღაც ერთ საათში შევკრიბეთ საჭირო თანხა და ავიღეთ ავტობუსის ბილეთები. წარმოიდგინეთ, წამლის ჩამოსატანად მან 2400 კილომეტრი გაიარა. თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც იყო, რადგან ყველა ავტობუსი სოფელ-სოფელ დადის და გზაში დიდ დროს კარგავს. ენომ ეს გზა სულ ხუმრობა–ხუმრობაში გაიარა, თან ჩვენთან კონტაქტიც არ გაუწყვეტია. ზედიზედ ორი ღამე არ უძინია. მოკლედ, ეს ადამიანი ჩვენს პატარას ღმერთმა გამოუგზავნა. მან გოგონას წამალი დროზე ჩაუტანა და ამით მისი სიცოცხლე იხსნა, რისთვისაც ყველას სახელით, ამჯერად საჯაროდ ვუხდი მადლობას.

ემიგრანტული ისტორიები: როგორ იხსნა ქართველმა ახალგაზრდამ ესპანეთში პატარა გოგონას სიცოცხლე

- ხშირად გქონიათ ასეთი შემთხვევა?

- ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, უკვე ბევრი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული, ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარები. ბევრი გაჭირვებული ემიგრანტი მინახავს და, იცით, რა ხდება? დახმარების ხელს გაჭირვებაში ჩავარდნილს ისევ ის ადამიანები უწვდიან, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუთქვამს სული და არა ის, ვინც ძალიან კარგადაა და მართლა შეუძლია დახმარების გაწევა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ბედნიერება სიმდიდრეში არ არის, ის ჩადენილ სიკეთეს მოაქვს...

ემიგრანტული ისტორიები: როგორ იხსნა ქართველმა ახალგაზრდამ ესპანეთში პატარა გოგონას სიცოცხლე

როგორც მოსალოდნელი იყო, ენრიკო ხუტაშვილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, ამიტომ მასალას ვურთავთ მის პოსტს, სადაც საკუთარ თავგადასავალზე იუმორით ჰყვება. რაც მთავარია, მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო – გოგონა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. 

მართლაც, ყოველი ქართველი თავისი ქვეყნის ელჩია უცხოეთში...