გაძვირდება თუ არა საქართველოში გაზისა და დენის გადასახადი

ეროვნული მარეგულირებელი კომისია კომენტარს აკეთებს გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი შეიძლება გაძვირდეს.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი 2020 წლის ბოლომდე უცვლელი დარჩება, ხოლო გაზის ტარიფი შეიძლება გადაიხედოს, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) Facebook-განცხადებაში.

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი – რისი სწამს ეკონომიკის მინისტრს>>

სამომხმარებლო ტარიფები გაზზე და ელექტროენერგიაზე დადგინდა მაშინ, როცა ლარი დოლარის მიმართ 2,5 ნიშნულზე იყო. ამჟამად გაცვლითი კურსი დადგენილია 2,9688 GEL/$1 დონეზე. ეკონომისტების აზრით, სწორედ ეს შეიძლება გახდეს უახლოეს მომავალში ტარიფების გადახედვის მიზეზი.

„ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს – სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოდგენილი არ არის", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად გადახედვის პროცესშია სამომხმარებლო ტარიფი გაზზე, რადგან ის დადგენილი იყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები  გადაიხედება

„ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს", – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით კომისიას მიმართა. კომპანიებმა შპს „ენერჯი თბილისი" (ყოფილი „ყაზტრანსგაზ თბილისი"), შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „საქორგგაზი", სს „ენერგოკავშირი", შპს „ვარკეთილაირი", სს „საჩხერეგაზი", შპს „ტაბა", შპს „არზუ გაზი", შპს „თელავგაზი" ასევე დაიწყეს წარმოებები სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით.

შუქი და გაზი ძვირდება?>>

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მანამდე განაცხადა, რომ გაზის გაძვირებას მოსახლეობისთვის არ ელოდება.