ბათუმი პირველია: საქართველოში ელექტროავტობუსები შემოდის

ბელარუსული ელექტროავტობუსები ბათუმში მარშრუტებზე რამდენიმე თვის შემდეგ გავლენ.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მუნიციპალური ელექტროავტობუსები პირველად ბათუმში გაჩნდება, ნათქვამია კომპანია „ბათუმის ავტოტრანსპორტის" Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავტობუსებს საქართველოს ბელარუსული სამრეწველო საწარმო Belkommunmash-ი მიაწვდის, რომელთანაც შეთანხმება გაფორმდა.

ბათუმი პირველია: საქართველოში ელექტროავტობუსები შემოდის

პირველ ეტაპზე მუნიციპალური ავტოპარკი რვა ელექტროავტობუსით შეივსება. ისინი ქალაქში მარშრუტებზე რამდენიმე თვის შემდეგ გავლენ.

„მინდა მივულოცო ქალაქს, თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ დღეს რვა ერთეული ელექტროავტობუსის შეძენის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს მუნიციპალური ავტოპარკის მნიშვნელოვანი განახლებაა. თქვენ იცით, რომ გასულ წელს ჩვენ „ევრო 5“ დიზელის საწვავზე მომუშავე 40 ავტობუსი შევიძინეთ", – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

ბათუმში ბელარუსული ელექტროავტობუსები გამოჩნდება: პრემიერმა ქარხანა დაათვალიერა

მისი სიტყვებით, ამ დროისთვის ბათუმის ავტოპარკის დაახლოებით 30-35% განახლებულია. მერია ამ მიმართულებით დონორებთან მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა ბათუმის ავტოპარკის განახლების პროექტისთვის 1,5 მლნ ევრო გამოყო, დაახლოებით 2,3 მლნ კი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) შეღავათიანი სესხის სახით იქნა მიღებული.

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ავტობუსებზე სრულად გადასვლა იგეგმება თბილისშიც. ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი 2023 წელს დასრულდება.

საქართველოში ასევე იგეგმება ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა. ქარხანას ქართული კომპანია Fregobus-ი ჩინურ კომპანია ZTE Corporation-სა და გერმანულ კომპანია EURABUS-თან ერთად გახსნის. Fregobus-ი საქართველოში წარმოებული ავტობუსების გაყიდვას ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.