თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონების მოსახლეობას მიეცა უნიკალური შანსი, ადგილზე მოისმინონ იტალიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორის ჯანკარლო მენოტის ცნობილი კამერული ოპერა „ტელეფონი, ანუ სიყვარული სამისთვის“.
პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ქვეყნის რეგიონებში.
აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს გაეცნოს რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ, ანუ სალონურ ოპერას, რომელსაც ქართულ ვერსიაში „ტელეფონი, ანუ მურმანის ეკალი“ ჰქვია.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მსახიობები და მუსიკოსები: სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გია კაჩინსკი ვენიდან, ვიოლონჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი, ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე და ვიოლონჩელისტი გიორგი კიკაბიძე.
მენოტის კომიკური ოპერა „ტელეფონი“ პირველად 1947 წელს დაიდგა ნიუ-იორკში. ოპერის სიუჟეტის მიხედვით, ბენი ესტუმრება თავის მეგობარ გოგონა ლუსის იმ განზრახვით, რომ ცოლობა სთხოვოს. მაგრამ მისი ყველა მცდელობა, როგორმე ჩამოაგდოს ლაპარაკი ამ თემაზე, წარუმატებლად მთავრდება, რადგან ლუსი განუწყვეტლივ ლაპარაკობს ტელეფონზე. ბენი ყველაფერს აკეთებს, რომ მიიპყროს ლუსის ყურადღება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს და ბოლოს, ის ტოვებს ბინას, ტელეფონზე ურეკავს ლუსის და ისე სთხოვს ხელს.
ქართველმა რეჟისორმა წარმოდგენაში ინოვაცია შეიტანა იმით, რომ ტელეფონის როლს ცოცხალი მსახიობი ასრულებს. ასეთი სახით მის მიერ დადგმულ ოპერას ლონდონში, ვენასა და ბრატისლავაში დიდი წარმატება ხვდა წილად.
ოპერის პირველი სპექტაკლი ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გადაინაცვლებენ, ხოლო 15 სექტემბერს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოადგენენ სპექტაკლს. 18 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში შესრულდება, 19 სექტემბერს კი მუსიკოსები ნიქოზის კულტურის ცენტრში გამართავენ წარმოდგენას შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის.
კამერული ოპერის რეგიონული ტური 24 სექტემბერს ახალქალაქში დასრულდება.