ფაშინიანმა გახარიას პრემიერის პოსტზე წარმატებები უსურვა

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თავის სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობები განიხილეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი" პრემიერის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას გიორგი გახარიას მეთაურობით და მის სამთავრობო პროგრამას ნდობა კვირას გამოუცხადა.

„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს

„ფაშინიანმა გახარიას მიულოცა პრემიერად არჩევა, ასევე უსურვა წარმატებები, ნაყოფიერი მუშაობა და ახალი მიღწევები", – ნათქვამია განცხადებაში.

საუბრისას ორი ქვეყნის პრემიერები ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების საკითხებს შეეხნენ. მათ რწმენა გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო გამდიდრება, რაც ქართულ-სომხური ურთიერთობების დღის წესრიგშია.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.