თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაბეჯითებით განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 8,4%-ით გაუფასურდა. თუ 9 ივნისისთვის ეროვნული ბანკის მიერ ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7344 GEL/$1 იყო, 9 სექტემბრისთვის მან 2,9636 GEL/$1-ს მიაღწია.
„მჯერა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებს. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა და სურვილი. როდესაც ეკონომიკა იღებს დარტყმას, ვალუტის კურსი ღრუბლის ფუნქციას ითავსებს და პირველ დარტყმას იღებს", – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.
ასეთი მტკიცე განაცხადის საფუძველს მინისტრს ეკონომიკის დონე აძლევს.
„ივლისში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა. და აგვისტოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, იგი მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არ დაკარგულა სამუშაო ადგილები, პროდუქციის წარმოება და მისი სტაბილურობა აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას", – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ლარმა ახალი ანტირეკორდი (2,9718 GEL/1$) დაამყარა, ეროვნულმა ბანკმა 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. მიზანი მიღწეული იქნა – ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, თუმცა 8 აგვისტოდან ვარდნის პროცესი ისევ განახლდა.
4 სექტემბრისთვის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5% პუნქტით – 7%-მდე გაზარდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოება" ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს ბანკებში აღებული 98 ათასზე მეტი სესხის გაძვირებას გამოიწვევს.