თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი საკუთარ ავტომობილში მას შემდეგ ჩასვა, რაც მასსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.
„მომხდარი ფაქტის შესწავლა ხდება", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა.
პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიან.
კვიციანის პარტიამ ადრე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, რამდენადაც მათ გახარიას სამთავრობო პროგრამა არ მოსწონთ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოდან გამოსულ დეპუტატს აქციის მონაწილეები სტვენით დახვდნენ.
კვიციანმა გინება შენობის დატოვებისთანავე დაიწყო, ხოლო აქციის მონაწილეები როგორც კი გაყვნენ დეპუტატს შეძახილებითა და სტვენით, მან აქციის რამდენიმე მონაწილეს დაარტყა. ამასთან, მთელი ინციდენტის დროს აქციის მონაწილეებსა და კვიციანს შორის პოლიცია იდგა, რომელიც ცდილობდა დაძაბულობის განმუხტვას.
„იგი (კვიციანი - რედ.) პარლამენტიდან გამოვიდა, ჩვენს აქტივისტებს დაესხა თავს, დაარტყა მათ, სამ ადამიანზე ძალადობა განახორციელა... ბოლოს შეგვაფურთხა და გვაგინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეს კადრებში კარგად არის დაფიქსირებული, რამდენადაც პოლიციამ, რომელმაც უნდა დაიცვას დაჩაგრული და დააკავოს, დასაჯოს ისინი, ვინც ძალადობას მიმართავს, შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა დეპუტატი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და რომელიც ჩვენ გვირტყამს. მას მანდატი უნდა შეუჩერდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
„პატრიოტთა ალიანი“ ეს არის პარტია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და რომლის დეპუტატებიც პერიოდულად მიემგზავრებიან მოსკოვში და რუს დეპუტატებთან მართავენ შეხვედრებს. რაც შეეხება დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ისინი ანტირუსული ლოზუნგებით აქციებს სისტემატურად მართავენ.