საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში კვლავ დამარცხდა

ედინბურგში გამართული ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის იყო ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ბორჯღალოსნები ანგარიშით 9:36 დამარცხდნენ შოტლანდიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში, რომელიც ედინბურგში გაიმართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ თანასწორი ბრძოლით წარიმართა. მასპინძლებმა პრაისის და კინგჰორნის შესრულებით ორი წარმატებული ლელო დადეს, ხოლო ქართველებმა თედო აბჟანდაძის შესრულებით სამი საჯარიმო განახორციელეს. შესვენებაზე გუნდები შოტლანდიის სასარგებლოდ ანგარიშით 10:9 გავიდნენ.

„არის თუ არა ეს ედინბურგი?“ - რაგბის ქართველი ქომაგი შოტლანდიაში ველოსიპედით ჩავიდა

რთული სათქმელია, რა დაემართა საქართველოს ნაკრებს მეორე ნახევარში, მაგრამ მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვეს.

მასპინძელმა სრულად დაიკავა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა, რაც 26 მოპოვებულ ქულაში აისახა. შოტლანდიელებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში ბურთი ოთხჯერ შეიტანეს და გარდასახვა სამჯერ შეასრულეს. შედეგად ჩვენი მორაგბეები 9:36 ანგარიშით დამარცხდნენ.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან ერთ კვირაში მეორედ წააგო. 31 აგვისტოს ჩვენი მორაგბეები 10:44 ანგარიშით დამარცხდნენ.

ედინბურგში გამართული ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის გახდა ბოლო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.