თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ 140 ქვეყანაში 68-ე ადგილი დაიკავა „ტურიზმისა და მოგზაურობების კონკურენტუნარიანობის რეიტინგში“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების მიხედვით.
ზაფხულის ტურიზმი საქართველოში: რომელი რეგიონი დაზარალდა ყველაზე მეტად >>
ქვეყნების რეიტინგის შედგენა ხდება ორ წელიწადში ერთხელ ინდექსის საფუძველზე, რომელიც ათ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის არის ბიზნეს-გარემო, უსაფრთხოება, ადამიანური რესურსი, ფასების კონკურენტუნარიანობა, ეკოლოგიური მდგრადობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ბუნებრივი და კულტურული რესურსები.
საქართველოს ინდექსმა 7 შესაძლო ქულიდან 3,9 შეადგინა. საქართველომ 68-ე პოზიციის დაკავებით თავისი მაჩვენებელი ორი პუნქტით გააუმჯობესა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთმა ამ რეიტინგში 39-ე ადგილი დაიკავა, სომხეთმა - 78-ე, აზერბაიჯანმა - 71-ე, ხოლო თურქეთმა - 43-ე ადგილი.
რეიტინგში ლიდერობს ესპანეთი, შემდეგ მოდის საფრანგეთი, გერმანია, იაპონია და აშშ.
სიის ბოლო ადგილებს იკავებენ ლიბერია, ჩადი და იემენი.