თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ახალი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, რათა მან შეძლოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა სიღარიბესთან ბრძოლაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.
გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა >>
სიღარიბის პრობლემა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ოფიციალურად ღარიბად მიიჩნევა დაახლოებით 434 ათასი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს დახმარებას იღებს. ეს კი მოსახლეობის 11,6%-ს შეადგენს. მათგან 149 ათასი - არასრულწლოვანი, ხოლო 59 ათასი - პენსიონერია. უმუშევრობის დონემ 2018 წელს 12,7% შეადგინა.
„სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა გახარიამ შეხვედრაზე ოპოზიციურ ფრაქციასთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
მისი თქმით, საქართველოში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ეფექტურმა და სოციალურად პასუხისმგებელმა ბიზნესმა, ამიტომ მთავრობის მუშაობის მთავარი აქცენტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა გახდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა და ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტური მუშაობაც იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი და ძირითადი ამოცანა. სანამ ჩვენ მივაღწევთ სიღარიბის საბოლოო დაძლევას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული და მაქსიმალურად ეფექტიანად ახორციელებდეს თავიანთი სოციალური დაცვის ფუნქციებს“, - განაცხადა გახარიამ.
ადრე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპების დასაჩქარებლად 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას.