საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა. ამიერიდან იგი NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტში“ კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს.
კალათბურთელის მეუღლე თიკა ალავიძე-ფაჩულია ყოველთვის, ყველა წამოწყებაში მხარში უდგას ქმარს და სოციალური ქსელითაც ხშირად ამხნევებს მას. ამჯერად ის წყვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას უსვამს ხაზს, რაშიც ფაჩულიას აქტიური სპორტული კარიერის დასრულებას და ახალ გამოწვევებთან შეჭიდებას გულისხმობს და წერს, რომ მეუღლესთან ერთად ისიც „ასრულებს სპორტულ კარიერას“.
ფაჩულია და ალავიძე 10 წელია დაქორწინებული არიან. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
ზაზა „გოლდენ სტეიტში“ 2016-17 და 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა. ორივეჯერ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში კი "დეტროიტის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ზაზა ნაკრებში 2000 წლიდან 2017-მდე თამაშობდა და ეროვნულ გუნდთან ერთად სამ ევრობასკეტზე იასპარეზა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ზაზა ფაჩულია სწავლას დაუბრუნდა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის-სკოლის სტუდენტი გახდა.