თბილისში ახალ სპორტის სასახლეს ააშენებენ

რიგით მესამე სპორტის სასახლე 15 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. დიღმის რაიონში, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლე აშენდება, განაცხადა პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისი სიტყვებით, 2020 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ქვეყანამ უფლება მოიპოვა EuroBasket-2021-ს უმასპინძლოს. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში ჩატარდება – იტალიაში, გერმანიაში, ჩეხეთსა და საქართველოში.

საქართველო EuroBasket 2021-ის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

„საქართველო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რისთვისაც აშენდება ახალი სპორტის სასახლე. ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები... ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ახალი სპორტის სასახლე, რომელიც მულტიფუნქციური იქნება, 15 ათას მაყურებელზეა გათვლილი. იგი იქნება ერთ-ერთი იმ სამი დარბაზიდან, რომელიც მოემსახურება ჩვენს სპორტს და იქნება ჩვენი სიამაყე", – განაცხადა ბატიაშვილმა.

ოლიმპიური სოფლის ბაზაზე ასევე გაჩნდება ყინულის მოედანი და საჭიდაო დარბაზი. თბილისში ოლიმპიური სოფელი 2015 წელს, სპეციალურად XIII ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენდა.

საქართველოს დედაქალაქში დღეისთვის ორი სპორტის სასახლეა. ერთი 2015 წელს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს აშენდა. აქ შესაძლებელია ჩატარდეს ტურნირები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში – ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობასა და სხვა სახეობებში.

თბილისში ყველაზე ძველი სპორტის სასახლე 1961 წლიდან ფუნქციონირებს. იგი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბჭოთა სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონისა და სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატის გივი კარტოზიას სახელს ატარებს.