სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა შეიძლება შეიცვალოს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერების მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია სახელმწიფოს თავდაცვის ძალებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, რომელიც ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ინიციატივის შემდეგ ჩამოყალიბდა.

კანონპროექტი ჯარისა და მღვდელმსახურების შესახებ საქართველოში – სკანდალი მძაფრდება>>

„გირჩმა" 2017 წელს კანონში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" ხარვეზი აღმოაჩინა, რათა ახალგაზრდებს ჯარიდან კანონიერად გათავისუფლებაში დახმარებოდა. კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურისგან გადავადება ეხება მღვდელმსახურებს ან მათ, ვინც სასულიერო სემინარიაში სწავლობს. „გირჩის" ლიდერებმა დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება".

საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 18-დან 27 წლამდე 15 ათასზე მეტი ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი „გირჩის" მიერ შექმნილი ორგანიზაციის „მღვდელმსახურები" გახდნენ. ჯარში სამსახურის ვადა 12 თვეა.

„ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის, იყო ძალიან მტკივნეული პროცესი. ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, იყო პირდაპირ კატასტროფა. პირდაპირ ვიტყოდი – ტრაგედია ჩვენი ერისთვის. ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობისა და ჩვენი ოპონენტების – „ნაცმოძრაობის" და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის საქმიანობას. მოგეხსენებათ, ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ჯაფარიძე: ქვეყანაში არსებობს დაკანონებული მონობა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით>>

„მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ჯარის ძლიერებას ძირს უთხრის", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემდეგ ის, პირველ რიგში, ამ საკითხს მიხედავს.

ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმა „ცივილიზებული სამყაროს" ნორმების შესატყვისი იქნება.

დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში სამსახურისგან ასევე თავისუფლდებიან: საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში აქვთ გავლილი; ნასამართლევი არიან სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად არიან ცნობილი; გავლილი აქვთ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური; არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; პარლამენტის დეპუტატები; განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები. ვადიანი სამხედრო სამსახურისგან შეიძლება გათავისუფლდეს ასევე ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

სამსახურის გადავადება შესაძლებელია, თუ წვევამდელზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. არის სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, დარეგისტრირებულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთადერთი ვაჟია ოჯახში ან ჰყავს ორი და მეტი შვილი და სხვ. შეღავათებით სარგებლობენ ასევე მღვდელმსახურები, მასწავლებლები და სოფლის ექიმები.