საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოცოცხლდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების გეგმებზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებასა და დონის ამაღლებაზე, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დისკუსიების ერთადერთი ფორმატია, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა.

გამოცხადდა საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღი>>

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამ დროისათვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების – საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

„ჟენევის მოლაპარაკებები – ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი დღეს არსებულ ფორმატებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი მოთამაშის, აქტორის თანდასწრებით. შესაძლოა, ამ მიმართულებით არ იყოს დიდი გარღვევები, მაგრამ ეს არის დღეს არსებული ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება – ჟენევის ფორმატის აქტუალიზაცია და გამოცოცხლება მოვახდინოთ, იმისათვის, რომ იქ არსებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის კუთხით წინ წავიწიოთ", – განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, ეს საკითხი საგარეო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ამჟამად ზალკალიანი, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრები, მოვალეობის შემსრულებელია, რადგან გადადგა მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე. მიმდინარე კვირის მანძილზე მთავრობის წევრები დეპუტატების წინაშე გამოვლენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. კვირას მათთვის ნდობის გამოხატვის პროცედურა გაიმართება.

საარჩევნო მთავრობა თუ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა

ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი 2018 წელს გახდა.

საპარლამენტო კომიტეტები ოთხშაბათს ასევე მოუსმენენ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლებს: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის - მიხეილ ბატიაშვილს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის - ეკატერინე ტიკარაძეს. ისინი იმავე თანამდებობებზე არიან წარდგენილი, რაც აქამდე ეკავათ.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილია გიორგი გახარია – ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თქმით, მთავრობაში რამდენიმე ცვლილება მოხდება: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის, გომელაური კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს>>

ნდობის ვოტუმის გამოხატვისთვის მთავრობას უბრალო უმცირესობა – 76 ხმა სჭირდება, რასაც „ქართული ოცნება" იოლად გაუმკლავდება.