ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

ხატია კაკაჩიშვილი წარმოშობით ახალციხის რაიონიდანაა. წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა, უმაღლესი განათლება დედაქალაქში მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეეძლო თბილისში ემუშავა, კარიერა მოეწყო, თუმცა ამას მშობლიურ სოფელში დაბრუნება და ბიზნესის დაწყება ამჯობინა.
Sputnik

თავდაპირველად საოჯახო თეთრეულის შეკერვა დაიწყო. პარალელურად მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, რის შემდეგაც საკუთარ სახლში სამკერვალო კუთხე მოიწყო. დაფინანსებული თანხით საკერავი მანქანებიც შეიძინა და თეთრეულთან ერთად საბავშვო კარვების დამზადებაც დაიწყო, რომელსაც 100% ნატურალური ბამბის ქსოვილისგან კერავს.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- ვცხოვრობ ახალციხის რაიონის ქალაქ ვალეში, თურქეთის საზღვართან ახლოს. უმაღლესი განათლება თბილისში მივიღე. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შემეძლო დედაქალაქშივე მემუშავა და მომეწყო კარიერა, თუმცა გადავწყვიტე მშობლიურ მხარეში დავბრუნებულიყავი და ჩემი პროფესია ჩემ მხარეში გამომეყენებინა.

როგორც კი დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღე შემოთავაზება, დამეწყო სამუშაო ინფრასტრუქტურულ განყოფილებაში, სადაც ჩემი პროფესიის კადრები უჭირდათ. 2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ მერიაში და ვემსახურები ჩემს რაიონს. ამასთან სოფელში დაბრუნებამ მიმახვედრა, რომ უნდა დამეწყო სხვა საქმეც. სამხატვრო აკადემიაში ყოველთვის მინდოდა ტანსაცმლის მოდელირებაზე მესწავლა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პროფესიად არქიტექტორ-რესტავრატორი ავირჩიე და არც ვნანობ, ვინაიდან უსაზღვროდ მიყვარს ჩემი საქმე. როგორც გითხარით, ბავშვობაში ვოცნებობდი ტანსაცმლის მოდელირება მესწავლა. გადავწყვიტე სწორედ ბავშვობის ოცნება მექცია ბიზნესად და დამატებით შემოსავლის წყაროდ. ეს არის საქმე, რაშიც თავს სხვა სამყაროში ვგრძნობ, თან როცა ქმნი საბავშვო პროდუქციას, მეტი პასუხისმგებლობაა.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- რატომ გადაწყვიტეთ კარვების დამზადება დაგეწყოთ?

- პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი გამარჯვებული და დაფინანსებული ბენეფიციარი ვარ. ასევე დავფინანსდი „ბიპის“ პროექტით და შევიძინე საკერავი მანქანები. ვინაიდან სამსახურიც მაქვს და ვმუშაობ ჩემი პროფესიით, გადავწყვიტე მარტივი ხაზით წავსულიყავი. სამსახურის მერე, საღამოობით ვკერავდი, ამიტომ პირველად დავიწყე თეთრეულის შეკერვა. საბავშვო კარვების იდეა კი ჩემი დისშვილებისგან წამოვიდა. პირველად მათ შევუკერე კარავი. ძალიან გაუხარდათ და მაშინ ვიფიქრე, რატომაც არა, დამეწყო კარვების წარმოება. ვფიქრობ, საკმაოდ გაამართლა.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- როგორ ისწავლეთ ხელობა? როგორ აწყობთ კარვებს?

- მე არ მაქვს ოფიციალურად ჭრა-კერვის კურსები გავლილი. დედა კერავდა კარგად და როცა პატარა ვიყავი, არასდროს მიშლიდა რამე გამომეჭრა, ან შემეკერა. ასე ვთქვათ, ვთამაშობდი. დღეს, როგორც თვითნასწავლმა მკერავმა, მაინც შევძელი ამეხდინა ბავშვობის ოცნება და დავიწყე კერვა. თუმცა, რომ არა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბრიტიშ პეტროლიუმის“ პროექტი, ოცნება ოცნებად დარჩებოდა. დიდ მადლობას ვუხდი სახელმწიფოს, რომ არსებობს მსგავსი ხელმშემწყობი ფაქტორები.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- ვინმე გეხმარებათ თუ მარტო ართმევთ ყველაფერს თავს?

- თავიდან მარტო ვიყავი. ჩემ პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის გოგა ჩანადირს, რომელმაც საჯაროდ გამიკეთა რეკლამა თავის ფეისბუქ-გვერდზე. მას მერე მივხვდი, რომ შეიძლებოდა ჩემი ოცნება ბიზნესად მექცია. ძალიან ბევრი მსურველი იყო და დიდ შეკვეთებს ვიღებ. დღეს მარტო აღარ ვარ, მეხმარება დედა და აყვანილი მყავს დამხმარეც, ასევე მამა მიმზადებს კარვებისთვის ჯოხებს.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- როცა საქმე ბავშვს ეხება, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. რა მასალით იქმნება თქვენი კარვები?

- გეთანხმებით, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ამიტომ კარვებს ვკერავ 100% ნატურალური ბამბის ქსოვილისგან და ვიყენებ ანტიალერგიულ სინთიპონს. კარვები განკუთვნილია 6 თვიდან 9 წლამდე ბავშვებისთვის. იშლება, ირეცხება. მისი გადაადგილება და შენახვა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. კარავს მოჰყვება სამი ბალიში და თავზე დასამაგრებელი დროშები. კარავს ასევე მოჰყვება რბილი ლეიბი, სახლში გამოსაყენებლად ან ეზოში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ეხსნება და კარვის გამოყენება შესაძლებელი ხდება ზღვაზეც ქოლგის ფუნქციით.

ბავშვობის ოცნებაზე გაცვლილი ქალაქი და არქიტექტორი, რომელიც საბავშვო კარვებს ქმნის

- რაიონში ცხოვრობთ, როგორ ართმევთ თავს თქვენი ნაწარმის რეალიზაციას?

- ჩემი ფეისბუქ-გვერდის K&K „ქეი&ქეის“ საშუალებით. შეკვეთები ძირითადად მაქვს თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან, თუმცა საზღვარგარეთაც წაუღიათ საჩუქრად.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავ. ვიყიდე ფართი, სადაც მოვაწყობ SHOWROOM-ს და მომხმარებელი შეძლებს ადგილზევე ნახოს ჩვენი პროდუქცია.

სულ ახლახან ავიღეთ შეკვეთები ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის. შევკერეთ მზარეულის ფორმები. ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ მეტი დასაქმების ადგილი შევქმნა და გავაძლიერო ჩემი მხარე და სოფელი.