მარიამ ხაჭვანმა ახალი ფილმის გადასაღებად სამხრეთ კორეის გრანტი მიიღო

ფილმ „დედეს“ საერთაშორისო წარმატების შემდეგ რეჟისორი ახალი გამარჯვებებისთვის ემზადება.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმის პროექტმა „ჩემი მეზობელი ანა“ სამხრეთ კორეაში დოკუმენტური კინოს ფესტივალ DZM docs-ის დაფინანსება მოიგო, ამის შესახებ რეჟისორმა „Sputnik-საქართველოს“ უამბო.

ფესტივალი DZM docs სამხრეთ კორეის პროვინცია კენგიდოს ქალაქ კოიანში 2009 წლიდან ტარდება.

ქართულ კინოს ჩიკაგოში აჩვენებენ

DZM docs-ი აზიაში წამყვანი საერთაშორისო კინოფესტივალია. ფესტივალის მიზანია კორეელი და აზიელი კინემატოგრაფისტების წახალისება, ასევე მსოფლიოს საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფონდი ფილმების დასაფინანსებლად 300 ათას დოლარს გამოყოფს. წელს ფესტივალი 17-26 სექტემბერს გაიმართება.

მარიამ ხაჭვანის თქმით, კორეული ფონდის გრანტი 5 ათას დოლარს შეადგენს.

რატი წითელაძე „ოქროს გლობუსზე" დასასწრებად მიიწვიეს >>

„ჩემი დოკუმენტური ფილმი მიეძღვნება ქალის თემას და მის როლს საზოგადოებაში. გადაღებების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ყველაფერი დაფინანსებაზე და სხვა გრანტებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ფილმის პროდაქშენისთვის გამოიყოფა“, – განაცხადა ხაჭვანმა.

მარიამ ხაჭვანი

მარიამ ხაჭვანი კინოს სამყაროში ცნობილი გახდა როგორც „დინოლასა“ და „დედეს“ ავტორი. მისი ფილმები სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ მოგვითხრობს. თავის ნამუშევრებში ხაჭვანი ცდილობს უჩვენოს მაყურებელს მშობლირი მხრის ნამდვილი სული და მთის ბუნება შეაყვაროს.

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი 1986 წლის 1 მაისს სოფელ უშგულში დაიბადა. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. 2012 წელს მისი კინოსცენარი „დედე" ქართული ლიტერატურული პრემია „გალას" პრიზიორი გახდა. ფილმ „დედეს" მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე ხვდა წარმატება.

2018 წელს მარიამ ხაჭვანი კანის კინოფესტივალის Cinefondation სპეციალური პროგრამა „რეზიდენციის“ მონაწილე გახდა. პროექტი „რეზიდენცია“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ 2000 წელს ამოქმედდა. იმ დროიდან პროგრამა ყოველწლიურად ასწავლის ახალგაზრდა რეჟისორებს და კინოში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.