საქართველოში შესაძლოა სამინისტროების რაოდენობა გაიზარდოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაძლოა კვლავ ორად დაიყოს
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. სამთავრობო ცვლილებების შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, იუწყება ტელეკომპანია  „მაესტრო“.

საქართველოს წარმავალი პრემიერი პოლიტიკაში ახალ სახეებს ელოდება >>

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კულტურის მინისტრი გახდება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, რომელიც 2019 წლის 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მიხეილ გიორგაძე კომიდან გამოვიდა

მაისურაძე მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი სოლისტი და რუსეთის დამსახურებული არტისტია.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გააუქმა და მისი ფუნქციები სხვადასხვა უწყებას გადაუნაწილა.

ახალგაზრდობის საქმეთა მართვის ფუნქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, სპორტის ფუნქცია კი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

თუმცა 2018 წლის ივლისში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესების შესახებ“, რომლებიც მინისტრთა კაბინეტის წევრების შემცირებას ითვალისწინებდა.

ცვლილებების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდა. ახალ უწყებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეწოდა.