კახეთში ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი Oodabno იწყება

ფესტივალის სტუმრებს ელოდება მუსიკა, არტ-ინსტალაციები, ფოტოგამოფენები და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი „უდაბნო“ – Oodabno კახეთის სოფელ უდაბნოში (საგარეჯოს რაიონი) 30 აგვისტოს საცეკვაო შოუთი გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. თუ უცხოელი სტუმრები მხოლოდ ალტერნატიულ მუსიკას შეასრულებენ, ქართველი მუსიკოსები მსმენელს ფოლკლორსაც შესთავაზებენ.

ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე გამოვლენ ქართული Betania Encemble, ფრანგული ბენდი Ultrasonic და პოლონური ჯგუფი Vavamuffin.

„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

31 აგვისტოს სცენაზე წარდგებიან ქართული ბენდი Aine Merme, პოლონური გუნდი Casletila, ჯგუფები Zywiolak, Pablopavo and Ludziki.

ფესტივალის დახურვის დღეს, 1 სექტემბერს გამოვლენ პოლონური ბენდი Slavic Jazz Underground, ფრანგი მომღერალი და სიმღერების ავტორი Mathieu Boogaerts და ქართული ბენდი Soft Eject.

ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება, გაიმართება რესტორნისა და ჰოსტელის „ოაზისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჯერად ორგანიზატორებმა სტუმრებისთვის მოამზადეს არტ-ინსტალაციები, ფოტოგამოფენები და სპორტულ–გასართობი ღონისძიებები.

სოფელი უდაბნო უკვე მეორე წელია ორ ფესტივალს მასპინძლობს. გარდა „უდაბნოს“ ფესტივალისა, აქ ტარდება Udabno Community Fest – ღონისძიება, რომელზეც თავს იყრიან მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. Udabno Community Fest ოქტომბრის მიწურულს იმართება.