რატომ დატოვეს დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულებმა

დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმაზე მრავალი მოსაზრება გამოითქვა და თემა კვლავაც აქტუალურია. ზოგი იზიარებს აზრს, რომ რეფორმა კარგია და გასვლის უფლების მიუხედავად საპენსიო სქემაში რჩება, ბევრმაც, როგორც კი შანსი მიეცა, საპენსიო სქემა დატოვა და ამით კმაყოფილია.
Sputnik

დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა, ვინც დასაქმებულის სტატუსს ატარებს და 2018 წლის 6 აგვისტოს (კანონის ამოქმედების დრო) საპენსიო ასაკის ჯერ არ იყო. სქემაში ჩართეს ყველა მამაკაცი, ვინც კანონის ამოქმედებისას არ იყო 60 წელზე მეტის და ქალები, ვინც იმ დროს არ იყო 55 წელზე მეტი ასაკის. კანონში ასევე განსაზღვრულია, რომ სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულებს შეუძლიათ სქემა დატოვონ, თუ კანონის ამოქმედების დრომდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) უკვე შეუსრულდათ 40 წელი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დაგროვების პრინციპი: ყველა დასაქმებულს, ვინც დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, ყოველი ხელფასის აღების დროს ხელფასის 2%-ს ჩამოაჭრიან, იგივე თანხა უნდა გადარიცხოს დამსაქმებელმა და აგრეთვე ამდენივე თანხას საპენსიო ფონდში ჩარიცხავს სახელმწიფო, თუ დასაქმებულის წლიური შემოსავალი არ აღემატება 24 ათას ლარს. მარტივად რომ ვთქვათ, ფორმულა ასეთია 2%+2%+2%. სქემაში ჩართულ ყველა დასაქმებულს ეს თანხა პირად საპენსიო ანგარიშზე უგროვდება და პენსიაში გასვლისას აიღებს.

რატომ დატოვა საპენსიო სქემა დასაქმებულთა თითქმის ნახევარმა?

იმის მიუხედავად, რომ სქემა უკვე ბევრმა დატოვა, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ რეფორმა გეგმის მიხედვით მიდის. სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ ისიც განაცხადა, რომ „სქემიდან საკუთარი სურვილით გასული ადამიანები უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ“. კანონი ასეთ შესაძლებლობას იძლევა – სქემიდან გასული ნებისმიერ დროს შეიძლება დაუბრუნდეს დაგროვებით პენსიას, თუმცა, ვინც მითითებულ დროში საპენსიო სქემა არ ან ვერ დატოვა, ის უკვე საპენსიო ასაკის მიღწევამდე სქემას თავს ვეღარ დააღწევს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით,  სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემა გასვლის უფლების მქონე პირების თითქმის ნახევარმა დატოვა. მისი თქმით, ხალხს რომ მეტი ინფორმაცია ჰქონოდა და დროულად გაეფრთხილებინათ, სქემიდან კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდოდა.

ჭიაბერაშვილმა საპენსიო სააგენტოს სადეპუტატო შეკითხვით 17 ივლისს მიმართა და ზუსტი სტატისტიკა მოითხოვა. სააგენტომ შეკითხვას 6 აგვისტოს უპასუხა. ოფიციალური პასუხის თანახმად, საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით 41,805-მა საჯარო მოხელემ დატოვა. კერძო სექტორიდან კი დაგროვებითი სისტემიდან 107,137 ადამიანი გავიდა.

რა ბედი ეწევა დაგროვებით საპენსიო ფონდს საქართველოში

ანუ ჯამურად საპენსიო სისტემა 148,942 მონაწილემ დატოვა. ეს არიან ის ადამიანები, რომელთა ასაკიც 40 წელზე მეტია და რომლებიც ხელფასს ოფიციალური კონტრაქტების საფუძველზე იღებენ. საპენსიო სააგენტოს წერილიდან ირკვევა ისიც, რომ 215,331 მოქალაქეს სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდა, რადგან მათ სახელმწიფოს სისტემიდან გასვლის შესახებ დადგენილ ვადებში არ მიმართეს.

როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, დაგროვებითი საპენსიო სქემა უზრუნველ სიბერეს არ იძლევა, მაგრამ რომც იძლეოდეს, დღეს ადამიანებს იმდენად უჭირთ თავის გატანა, რომ დანაზოგის გაკეთება უბრალოდ არ შეუძლიათ. მისი თქმით, მათ გააანალიზეს 39 წლის მასწავლებელი ქალის მაგალითი, რომელსაც დღეს ხელზე ასაღები ხელფასი აქვს 500 ლარი. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანს, როცა 20 წელიწადში გავა პენსიაზე, ბაზისურ პენსიაზე, რაც დღეს 200 ლარია, ზემოდან 100 ლარიც კი არ დაემატება.

„მთავრობა ეუბნება ადამიანებს, დღეს თქვენ დაბალი შემოსავლები გაქვთ, სიღარიბეში ცხოვრობთ, მაგრამ 20 წლის შემდეგაც იგივე სიღარიბეში დარჩებით. ასევე თუ ლარის დღევანდელი გაუფასურება დარჩება, ვერც იმ 80-100 ლარს დაიმატებს პენსიაზე. ჯერ ისედაც რა ფული დაგროვდება და მერე ამ ფულის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო დაბალი იქნება“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

საქართველოს პრემიერი: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია

დაგროვილი თანხა და სქემას შემორჩენილები

19 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა. ივლისის მიწურულს სააგენტოს დირექტორი აცხადებდა, რომ ფონდში შემოსულ თანხას 4 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი დაერიცხა.

თავიდან ნათქვამი იყო, რომ შემოსული თანხა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად უნდა მიემართათ, მაგრამ დღემდე ფული მხოლოდ დეპოზიტებზე - ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში დევს. სარგებელი საშუალოდ 7-8%-ია.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აქამდე ინვესტიციები იმიტომ არ განხორციელდა, რომ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებული არ იყო. მისი შემადგენლობა პარლამენტმა 11 ივნისს დაამტკიცა. საინვესტიციო საბჭოს წევრები გახდნენ ოლივიე რუსო, ტიმო ვიჰერკენტა, მაიკლ რიდლი, დავით წიკლაური და ჟან-ფრედერიკ პოლსენი. საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი დავით წიკლაური 2019 წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.

ბახტაძე საპენსიო რეფორმაზე: „ახალი ველოსიპედი" თუ სხვა ქვეყნების გამოცდილება

„ეს არის ფსევდო–ნებაყოფლობითობა“, – ასე აფასებს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი საპენსიო სისტემას 40 წელს გადაცილებულთათვის. მისი ინფორმაციით, რეალურად დატოვების სურვილი ბევრად მეტ ადამიანს აქვს და ელექტრონულად, სააგენტოში მისვლის გარეშეც რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მეტი დატოვებდა საპენსიო სქემას. 

„გარდა ამისა, ძალიან ბევრმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, რომ არაკონსტიტუციურად ცნოს არანებაყოფლობითობის კომპონენტი ახალ საპენსიო რეფორმაში. თუ ეს გადაწყვეტილება დადგა, ნებისმიერი ადამიანი დატოვებს სქემას მისი სურვილის მიხედვით. ძალიან ბევრს ვიცნობ ეკონომიკურ და იურიდიულ წრეებში, ვინც ამას ელოდება“, – უთხრა „რეზონანსს“ ჩარგეიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საპენსიო სქემის შემოთავაზებული მოდელი სპეციალურად კონკრეტული პროექტისთვის იყო შექმნილი და არა ხალხის უზრუნველი სიბერისთვის.

უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა

„საპენსიო რეფორმა, ახლაც პირდაპირ ჩანს, რომ კონკრეტულად რაღაც პროექტისთვის იყო გამიზნული. ეჭვი მაქვს, ანაკლიის პორტისთვის დაგეგმეს ეს რეფორმა, რომ იქ წასულიყო ეს ფული. გახსოვთ ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ჯგუფი“ მზად იყო საპენსიო ფული მიეღო 6 თუ 7 პროცენტად? რამდენი ხანი გავიდა და ფულს ვერსად ანთავსებენ. დეპოზიტზე კი უდევთ, მაგრამ ასე ფული არ იზრდება. ინფლაცია მეტია, ვიდრე ის სარგებელი, რაც ფულს ემატება. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ძალიან გაუაზრებელი რეფორმა იყო. საპენსიო რეფორმა საჭიროა, მაგრამ არა ისე, როგორც ესენი აკეთებენ“, – ამბობს ჭიჭინაძე.

ცნობილი გახდა ერთი საინტერესო დეტალიც. როგორც პორტალი on.ge წერს, საპენსიო სააგენტომ 11-თვიანი მუშაობის განმავლობაში 2 120 387 ლარი დახარჯა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ თეთრების სიზუსტით აითვისა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.

ასე რომ, საპენსიო რეფორმას აუცილებლად გამოუჩნდებიან დამცველებიც როგორც მთავრობაში, ასევე, სხვაგან თუ არა, საპენსიო ფონდში დასაქმებულებს შორის მაინც.

 

თემურ იოსელიანი