„მართლა შემთხვევით დამემართა“ - დეპუტატი მურადიანი პირდაპირ ჩართვაზე წუხს

ნინოწმინდას საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ „შერცხვა“
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ნინოწმინდას საკრებულოს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ვრეჟ მურადიანმა გააკეთა კომენტარი თავის Facebook-ლაივის შესახებ, როდესაც გზის რემონტის ადგილიდან ჩართვის დროს შემთხვევით სასაცილო სპეცეფექტები აამოქმედა. მან აღნიშნა რომ ეს მას შემთხვევით დაემართა და ვერც კი მიხვდა, რა მოხდა.

მურადიანი ეცნობოდა გზის რემონტს სოფელ პატარა გონდურთან და მას გამომწერებისთვის სამუშაო პროცესის ჩვენება სურდა. ამასობაში კი ის ვიდეოში ხან მგლის, კოსმონავტის, ჯადოქრის ეფექტებით გამოჩნდა.

„დიდი ხანია დიდი და პატარა გონდურის, დილიფის და მამწარას მკვიდრები ამ გზის გაკეთებას ითხოვენ, ამიტომ გადავწყვიტე ლაივი ჩამერთო და მეჩვენებინა გზის გაწმენდითი სამუშაოები როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ კი ასფალტსაც დააგებენ“, - განუცხადა მურადიანმა საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეს“.

დეპუტატის თქმით, სრულიად შემთხვევით ჩართვის დროს რაღაცაზე თითი მოუხვდა, რაღაც ინგლისური წარწერა იყო და მან თავის შვილს დაურეკა.

„შევრცხვი, მასწავლებელიც ვარ, ჩემი მოსწავლეები რას იფიქრებენ, ეს ხომ მართლა შემთხვევით დამემართა“, - აღნიშნა მურადიანმა.

ვიდეოს აქტიურად პოსტავენ Facebook-ის მომხმარებლები და მხიარულ კომენტარებს არ იშურებენ. თავად დეპუტატმა ვიდეო თავისი გვერდიდან წაშალა, მაგრამ მისი გადაწერა მოასწრეს.

ახალი ანეკდოტი სვანებზე: ემზარ კვიციანს შემთხვევით Facebook- Live-ი ჩაერთო

ნინოწმინდის დეპუტატის ამ კურიოზმა მოსახლეობას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ემზარ კვიციანი გაახსენა, რომელიც მარტში სრულიად შემთხვევით Facebook-ლაივში აღმოჩნდა.