მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა – აჭარის მთავრობა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში შეჩერებული პროექტი არ არსებობს.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. აჭარის მთავრობა გეგმავს რეგიონში სამ მილიარდ ლარამდე ინვესტიცია მოიზიდოს და ამით ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების წყალობით 2018 წელს აჭარაში დასაქმებულთა რაოდენობა, 2017 წლის მონაცემთან შედარებით, 7,4%-ით გაიზარდა, 2019 წლის პირველ კვარტალში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით.

„ჩვენი ამბიციური გეგმების შესაბამისად, საინვესტიციო პორტფელი სამ მილიარდ ლარამდე უნდა გავზარდოთ. ეს რეგიონს ახალ ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს შემატებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევქმნათ 6 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ეს უნდა გავაკეთოთ არაუგვიანეს მომავალი წლისა", - განაცხადა რიჟვაძემ.

მისი სიტყვებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის წინ მიღებული განკარგულების წყალობით, რომლის თანახმად ინვესტორებს გარკვეული შეღავათები მიეცათ, 30 შეჩერებული პროექტის მშენებლობა განახლდა, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ლარზე მეტს.

თბილისში კონფერენციაზე საქართველოს საინვესტიციო კლიმატი განიხილეს

„დღეს რეგიონში შეჩერებული პროექტი არ არსებობს", - აღნიშნა აჭარის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, რეგიონის ხელისუფლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას გეგმავს. ამისთვის, რიჟვაძის სიტყვებით, ძალზე მნიშვნელოვანია საწარმოების განვითარება.

მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა, როგორც რეგიონის მცხოვრებლების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო - აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის თანადაფინანსების პირობებში ბიზნესმენებისთვის სესხის გაცემას. 2018 წელს აღნიშნული პროგრამით 16-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2019 წლის ივნისში კი რვა ბენეფიციარმა.

გარდა ამისა, პროგრამის „იდეიდან წარმატებამდე" ფარგლებში აჭარის მთავრობა ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს - აღნიშნული პროგრამა თვალისწინებს სტარტაპებისა და ტურიზმის სფეროში მოღვაწე მიკრო და მცირე ბიზნესის, მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას.