თბილისი, 28 აგვისტო -Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე გუშინ დაჭრილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თბილისში, პეკინის გამზირზე წუხელ მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. თავდასხმის დროს ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდამსხმელი ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის განცხადებით, ოპერაცია ისე გაკეთდა, რომ პაციენტს პლასტიკური ჩარევა აღარ დასჭირდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება პალატაში. აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოებში. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ნაიარევი არ დარჩენოდა, პლასტიკური ჩარევა პაციენტს აღარ დასჭირდება. დღეს განყოფილებაში დარჩება, მისი გაწერა კი ხვალ დილით იგეგმება“, – განაცხადა ნათია ვასაძემ.
„მშობლები იყვნენ შოკში, დასერილი ბიჭუნა იყო ყველაზე მამაცი ჩვენს შორის“-რა მოხდა პეკინზე>>
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 51 წლის ქალს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.