მოწამეთას უძველეს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა წლის ბოლომდე მოეწყობა

მონასტერის ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 1,4 მლნ ლარი დაიხარჯება.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.

მოწამეთას უძველეს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა წლის ბოლომდე მოეწყობა

სამუშაოებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებს გალავნის კედლების გამაგრებას, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა–რეაბილიტაციას.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. მისი ღირებულება 1,4 მლნ ლარს შეადგენს.

მოწამეთას მონასტერი გელათის მონასტერთან ახლოს მდებარეობს, მათ კანიონი და მთა ჰყოფს.

მოწამეთას უძველეს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა წლის ბოლომდე მოეწყობა

ძველი წყაროების თანახმად, აქ VIII საუკუნის დასაწყისში მდებარეობდა ხარების ეკლესია, რომელიც 735-737 წლებში მურვან ყრუს მეთაურობით შემოსეულმა არაბთა ლაშქარმა დაწვა. შემოსევას წინ აღუდგნენ არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, მაგრამ დამარცხდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. მურვან ყრუს მათი მოქცევა სურდა, მაგრამ დავითმა და კონსტანტინემ ამაზე მტკიცე უარი თქვეს. ისინი ცხრა დღის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი რიონში დაახრჩვეს.

გადმოცემით, როდესაც ნაპირზე მათი ცხედრები იპოვეს, ადამიანებს მოესმათ უფლის ხმა, რომელმაც აღმოსავლეთისკენ მათი მიტანა იმ ადგილამდე უბრძანა, სადაც მზის ამოსვლას იხილავდნენ. ეს ადგილი აღმოჩნდა დამწვარი ეკლესიის ნანგრევები. სწორედ იქ დაკრძალეს დავითი და კონსტანტინე. XI საუკუნის დასაწყისში ამ ადგილზე ბაგრატ მესამემ დიდი უგუმბათო ტაძარი ააგო და მოწამეთას მონასტერი დააარსა.

უნიკალური ციხე-სოფელი მუცო შესაძლოა „ევროპა ნოსტრას" მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდეს >>

მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ნაგებობა – მოწამე დავითისა და კონსტანტინეს ტაძარი, 1845 წელს აგებული სამრეკლო და ქვის გალავანი კოშკით. მოწამეთობის დღესასწაული 15 ოქტომბერს აღინიშნება.