სენსაცია: ალაზნის ველზე უძველესი სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასახლე აქემენიდურ ხანას განეკუთვნება.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანთან არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს – მათ აღმოაჩინეს სასახლის ნაშთები, რომელიც დაახლოებით ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეებით თარიღდება.

სენსაცია: თურქეთში სავარაუდოდ თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი იპოვეს >>

სასახლის ნაშთები ალაზნის ველზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გათხრების წარმოების დროს არის აღმოჩენილი.

სენსაცია: ალაზნის ველზე უძველესი სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

„გეოფიზიკური დაზვერვების შედეგად დაახლოებით 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები დაფიქსირდა. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა – სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი, 1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

გარდა ამისა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს აგურის კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე, როგორც სხვა არქიტექტურული დეტალები სპეციალისტებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტესშობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.

სენსაცია: ალაზნის ველზე უძველესი სასახლის ნაშთები აღმოაჩინეს

„როგორც ცნობილია, ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ.აღ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში – სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ.აღ. V საუკუნეს განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში 1994-1995 წლებში გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე“, – აღნიშნავენ მუზეუმში.

არქეოლოგების ინფორმაციით, ახლადაღმოჩენილი სასახლის ნაშთები მიწის ზედაპირიდან სულ ორმოციოდე სანტიმეტრში მდებარეობს და გუთნით ხვნის შედეგად ძლიერაა დაზიანებული.

Историческая сенсация: в Турции обнаружили могилу внучки великой царицы Тамар >>>

აღსანიშნავია, რომ ქართულ-გერმანული საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი იულონ გაგოშიძე, ხოლო გერმანიის მხრიდან – დოქტორი კაი კანიუტი (მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი). ექსპედიციაში ჩართული იყო გერმანელ გეოფიზიკოსთა ჯგუფი იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით; არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიუნხენის უნივერსიტეტის სტუდენტები.