საპროტესტო აქცია სვანეთში: 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეების განცხადებით, გზას მანამ არ გახსნიან, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. მესტიის რაიონის მულახის თემის 12 სოფლის მოსახლეობამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით მესტია-უშგულის გზა გადაკეტა, იუწყება ქართული მედია.

აქციის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩებოდა.

აქციის მონაწილეების თქმით, არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

მოსახლეობა აცხადებდა, რომ გზას მანამ არ გახსნიდნენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები, რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. გუბერნატორის თხოვნით გზა გაიხსნა, თუმცა საღამოსთვის დაინიშნა შეხვედრა, რომელზეც ჟორჟოლიანი და მოწერელია მოსახლეობასთან პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.