გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლიკვიდირებულია

საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი სოფელ საყავრესთან ახლოს ტყეს 22 აგვისტოს  გაუჩნდა, ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალბარდებზე გავრცელდა.

„სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდირება შეძლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია: სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

საბოლოო ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი.

საყავრეს მიმდებარედ 250 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი  ვერტმფრენი. უწყების ცნობით, ვერტმფრენებმა სულ 114 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 230 ტონა წყალი დაასხეს.

ადგილზე გახსნილი იყო სპეციალური შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

ადგილზე  მეხანძრე-მაშველები ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მონიტორინგის მიზნით დარჩებიან.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.