ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია: სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ჩაერთო

მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება პირველი არხი.

გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

„რთული რელიეფის გამო, სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოიანი ტექნიკა, რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრე-მაშველებს. ამასთან, გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა, უკვე გაყვანილია და ახლა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკა ვერ ახერხებს ხანძრის კერებამდე მისვლას, ამიტომ გზის გაყვანისა და ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკას ჩაერთო.

სოფელ ახალსოფლის ტყეში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განაახლეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 40 ჰექტრამდე ფართობზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ვერტმფრენი და 70 მეხანძრე-მაშველი.

სპეციალისტებმა ნახანძრალი ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.