აქცია ბათუმში: ადგილობრივები ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ

ზღვისპირა ქალაქში დაგროვილ ნაგავს, ზღვასთან ახლოს, მიწის ზედაპირზე ყრიან
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეები  ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

„აქედან 5 კილომეტრში ვცხოვრობ. საღამოს სუნი დასახლებამდე აღწევს. ტერიტორიაზე საქონელი შედის და იკვებება, რძე კი ბაზარში იყიდება. პირველ რიგში ვითხოვთ ტერიტორიის შემოღობვას, ამისთვის გონივრულ ვადას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომლის ამოწურვის შემდეგ შესასვლელს დავბლოკავთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აჭარაში ახალ ნაგავსაყრელს თურქული კომპანია მოაწყობს

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია გამაფრთხილებელია და მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებას, ასევე, იმ სავალალო მდგომარეობის გაპროტესტებას, რაც ზიანს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთლიან რეგიონს აყენებს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“. ორგანიზატორები უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც ახალი ნაგავსაყრელი ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში უნდა აშენდეს.

აჭარის მთავრობის განცხადებით კი, სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა დაწყებულია, პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს. მათი ინფორმაციით, ნაგავსაყრელი დახურული და თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი იქნება.

ბათუმის ნაგავსაყრელი 1965 წლიდან ფუნქციონირებს.  ზღვისპირა ქალაქში დაგროვილ ნაგავს, ზღვასთან ახლოს, მიწის ზედაპირზე ყრიან.  ტერიტორია შემოუღობავი და დაუცველია, სადაც თავისუფლად შედის და იკვებება პირუტყვი.