ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა

პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ „ქართული სახლი“ გახსნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინსკში „თბილისობა“ იმართება: დღესასწაული ქართულ−ბელარუსული ხასიათით

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მინსკში „ქართული სახლის“ დაფუძნების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

„ეს სივრცე იმდენად საინტერესო, ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას. მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული სახლი“ საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია.

ბათუმში ბელარუსული ელექტროავტობუსები გამოჩნდება: პრემიერმა ქარხანა დაათვალიერა >>

გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, ბიზნესწრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

„ქართული სახლის“ დამფუძნებელია კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“, რომელიც საპარტნიორო ფონდის მიერ არის შექმნილი.

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორს შორის საინვესტიციო პროექტების განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიზნით.

ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. საპარტნიორო ფონდის ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით არის შეზღუდული. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა

მოსკოვში მინსკის გავლით: ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ახალ ტრანზიტს სთავაზობს

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.

ბელარუსულ პროდუქციაზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. თბილისი წლიდან წლამდე ზრდის ბელარუსში საქონლის ექსპორტს. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში 28 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, ბელარუსიდან იმპორტმა კი 58 მილიონი დოლარი შეადგინა.