„რუსთავი 2“-ს სააკაშვილი და გვარამია ანგრევდნენ" – ხალვაში ბოლო მოვლენების შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების დემარში შეაფასა.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის მიზანმიმართულ ნგრევაში დაადანაშაულა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო მაუწყებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან აღდგება

ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ არხი დატოვა მიუხედავად იმისა, რომ მათ დარჩენა შესთავაზეს. ჟურნალისტების განცხადებით, ახალი მფლობელის პირობებში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ვერ შენარჩუნდება. ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლა 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მოხდა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია „რუსთავი 2“-ში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდის, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევენ კომპანიას. ფაქტია, რომ ტელევიზიის ფინანსური კრახის შემდეგ გვარამია გადაერთო თანამშრომლებზე და მათ წინააღმდეგ გაუგონარი ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი დაიწყო“, – დაწერა ხალვაშმა.

მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობებში შესთავაზა დასავლური, ცივილიზებული სტანდარტებით მუშაობა. ეს, მისი სიტყვებით, ნიშნავდა „კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას“. მაგრამ ზოგიერთმა ჟურნალისტმა რამდენიმე ადამიანის „კონკრეტული მიზეზით“ გათავისუფლება მიიღო როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. 

სად აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას „რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტები

„თუმცა, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ ამ დროის განმავლობაში ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ საქმიანობაში რაიმე სახის ჩარევას. ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა თავიდანვე ნათელი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული“, – აღნიშნა ხალვაშმა.

მისი სიტყვებით, გვარამიამ „რუსთავი 2“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის იარაღად გადააქცია.

„ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან სააკაშვილთან ერთად ცდილობდა „რუსთავი 2"-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია. წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი იყო სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა“, – განაცხადა ხალვაშმა. 

ხალვაში „რუსთავი 2“-ის ფინანსურ პრობლემებში გვარამიას ადანაშაულებს.

გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მას ბრალი ედება იმაში, რომ „რუსთავი 2“-ის ინტერესების საზიანოდ მისი მეგობრების კომპანია „ინტერ მედია პლუსისთვის“ მრავალმილიონიანი მოგების პირობები შექმნა. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომელიც „ინტერ მედია პლუსს“ ტელეკომპანიის ეთერში რეკლამის განთავსების უფლებას აძლევდა. მაშინ „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7,4 მლნ ლარი შეადგინა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მლნ ლარი. 

ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის დირექტორი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

„უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპიზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული“, – განაცხადა ხალვაშმა.

მისი სიტყვებით, ახლა ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული თანხები ბონუსის სახით მიიღეს.

„თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად“, – განაცხადა ხალვაშმა.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად, რათა „შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ „კურიერის" დაბრუნება ეთერში“.

„სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც, იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი 2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადოება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!" – განაცხადა ხალვაშმა.